#9აპრილი
#მადლობათავისუფლებისთვის
#დიდებაგმირებს
დღეს, ქალაქის მერმა, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დღეს 9 აპრილია, დღე, როდესაც დიდ ტკივილთან ერთად უსაზღვრო სიამაყესაც განვიცდით, რადგან ზუსტად 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიკრიბა.
თავისუფლებისთვის გაერთიანებულ მოქალაქეებს კრემლის მითითებით დილის 4 საათზე თავს დაესხა საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმები, მძიმე ტექნიკა და მოხდა მათი უმოწყალოდ დარბევა. მშვიდობიან მომიტინგეებს გზა ჯერ მძიმე ტექნიკით და ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი.
მათ შორის 17 ქალი და 4 მამაკაცი. გარდაცვლილებს შორის ასევე იყო არასრულწლოვანებიც..
დარბევის შედეგად, 4000-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს,ხოლო 2000-ამდე მოქალაქე ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.
1991 წელს, 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად 2 წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიასთან ერთად შევიდა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე!
დღეს 9 აპრილია .. დღე, რომელიც დიდი გამარჯვებით არის სავსე !
გულითადად მადლობელი და ამაყი ვარ ყველა იმ ადამიანით ვინც 34 წლის წინ თავისუფლება სიცოცხლის ფასად დაიცვა. მადლობა თითოეულ იქ მყოფ მოქალაქეს თავისუფლებისთვის და მარადიული ხსოვნა მათ უკვდავ სულებს!
უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა