ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის, ასევე, განაცხადის შემოტანის მომენტისათვის, რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და 2023 – 2024 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ერთი აკადემიური წლის მოსწრების მიხედვით, მიღებული აქვს დადებითი შეფასება: GPA (კარგი//მაღალი//უმაღლესი) – 2.0 – 4.0 ქულა.
კონკურსანტის აკადემიური მოსწრების შეფასების (GPA) ერთიან შკალად/განზომილებად გამოიყენება – 4.0 სკალა/სტანდარტი, მაგრამ თუ რომელიმე კონკურსანტის აკადემიური მოსწრების ქულა, მიმღები სასწავლებლის მიერ, გამოთვლილია განსხვავებული შეფასების სკალის მიხედვით (მაგალითად: 3; 8; 30; 100 ან სხვა) და ვერ ხდება ქულის დაზუსტება 4.0 სკალა/სტანდარტის ფორმატში, მაშინ პირველ რიგში, მოხდება, ამ კონკურსანტის აკადემიური მოსწრების ქულის გამოთანაბრება ერთიან სკალასთან – 4.0 მიმართებაში.
კონკურსში გამარჯვებულად სახელდება ის 5 სტიპენდიანტი, რომელთაც მიღებული აქვთ უფრო მაღალი შეფასების ქულა (RS – Rate Score).
შეფასების ქულა (RS) განისაზღვრება შემდეგნაირად: კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი – GPA (ქულა), იყოფა მიმღები სასწავლებლის სარეიტინგო/რიგით ნომერზე – R (ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს კიბერმეტრიკსის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის – მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით: https://webometrics.info/en/world) და მიღებულ რიცხვს (დამრგვალების გარეშე) ემატება, კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი GPA (ქულა). ფორმულის სახით: RS = (GPA : R ) + GPA.
ამასთან: თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებელი არ იძებნება ზემოაღნიშნულ სარეიტინგო ცხრილში (კიბერმეტრიკსის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში) – განაცხადი არ განიხილება;
ქვეპროგრამის შესაბამისად კონკურსანტის აკადემიური მოსწრების შეფასების (GPA) ერთიან შკალად (scala) / განზომილებად (შემდგომში – სკალა / S ) გამოიყენება – 4.0 სკალა, მაგრამ თუ რომელიმე კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი GPA (ქულა) გამოთვლილია განსხვავებული შეფასების სკალის – S1 მიხედვით, კერძოდ, თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებლის შეფასების სკალა – S1 > 4.0-ზე (მეტია) ან ნაკლებია – S1 < 4.0-ზე, მაშინ, პირველ რიგში უნდა მოხდეს, ამ კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის – GPA (ქულის) გამოთანაბრება – GPA(E) / Grade Point Average (Equalization) ერთიან სკალასთან-4.0 მიმართებაში, შემდეგნაირად: ერთიანი სკალა – 4.0, იყოფა, მიმღები უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი შეფასების სკალის უმაღლეს ქულაზე (S1) და მიღებული შედეგი (დამრგვალების გარეშე) მრავლდება, კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე – GPA (ქულაზე), ფორმულის სახით: GPA(E) = (4 : S1) x GPA. შესაბამისად, ძირითად ფორმულაში, ნაცვლად GPA-სი უნდა ჩაისვას GPA(E). ფორმულის სახით: RS = ( GPA(E) : R) + GPA(E);
თუ პირველი და მეორე საფეხურის კონკურსანტთა შეფასების ქულა (RS) კვლავ ერთნაირია, მაშინ სტიპენდია გაიცემა იმ კონკურსანტზე: რომლის მიმღები სასწავლებლის სარეიტინგო/რიგითი ნომერი აღმატებულია;
თუ შეფასების ქულა (RS) კვლავ ერთნაირია – რომელსაც გააჩნია მეტი წარმატებები (სამეცნიერო / კულტურულ / სპორტულ და ა.შ. ღონისძიებებსა/პროექტებში მონაწილეობა, აკადემიური, პროფესიული და სხვა მიღწევები), რაც გულისხმობს თანაბარ ქულიანებს შორის, უპირატესობის მინიჭებას, მათ შორის საუკეთესოს გამოვლენას ან თანხის თანაბრად განაწილებას, ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ, ბრძანებით.
თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული დოკუმენტი შეიცავს კონკურსანტის მხოლოდ, განვლილ საგნებში მიღებულ შეფასებებს და კრედიტებს, მაშინ აკადემიური მოსწრების სემესტრული მაჩვენებელი/ქულა, გამოიყვანება შემდეგნაირად: თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კრედიტი მრავლდება, ამ საგანში მიღებულ ქულაზე, მიღებული ქულები ჯამდება და იყოფა სტუდენტის მიერ, საკონკურსო სემესტრში მიღებული კრედიტების საერთო რაოდენობაზე.
საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის მონაწილე (საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი), აღნიშნულ კონკურსში არ დაიშვება. ასევე, არ დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლობს საქართველოში აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში (ფილიალი ან სხვა).
აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე 5 სტიპენდიატი, მიიღებს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე (ბეჭდური სახით – Microsoft Word Document / Sylfaen), ხოლო უცხო ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტი – ორიგინალი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (ხელმოწერილი) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
გ) ფოტოსურათი – 2 ცალი (ზომა – 3სმ. × 4სმ.);
დ) ავტობიოგრაფია / CV – ქართულ ენაზე (მ.შ. სამეცნიერო/კულტურულ ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობა, აკადემიური და პროფესიული მიღწევები და სხვა მონაცემები);
ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;
ვ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან დასურათებული მტკიცება – ე.წ. „სკრინშოტი“, რეესტრის ვებ-გვერდიდან (თარიღის წარმოჩენით), რეგისტრაციის – საცხოვრებელი ადგილის/მისამართის მითითებით;
ზ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
თ) GPA (მიმღები სასწავლებლის მიერ, სტუდენტის განვლილ საგნებში მიღებული აკადემიური მოსწრების შეფასებები/ქულები, კრედიტები და აკადემიური მოსწრების წლიური მაჩვენებელი/ქულა), როგორც ორიგინალი (უცხო ენაზე), ასევე, ქართულ ენაზე (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).
2023-2024 სასწავლო წლის შედეგების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში მატერიალური სახით ან ელექტრონულ ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge
განაცხადები მიიღება 4 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე 591 41 75 24