ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი და ფოთი ამ ანტიკური ქალაქის მემკვიდრედ ითვლება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები. დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალათაგან ყველაზე ადრეული არტეფაქტები (პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაწილში, ადგილ ნატეხებთან აღმოჩენილი ჭურჭელი) ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში ფოთი პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. 1578 წელს ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი პერიოდულად ხან რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან ოსმალეთის. ფოთის გამოცოცხლება, რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის – ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ნიკო ნიკოლაძის პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება. დღესდღეობით ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალური რეგიონია. ქალაქის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგურს წარმოადგენს. ქალაქში ფუნქციონირებს სპორტულ-ტურისტული ბაზები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, კოლხური კულტურის მუზეუმი, ფოლკლორის ცენტრი და ა.შ. ფოთი ძალიან ლამაზი ზღვისპირა ქალაქია XIX-XX საუკუნეების არქიტექტურით, საინტერესო ისტორიებითა და მითებით.
გეოგრაფია
ქალაქი ფოთი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში, შავ ზღვაზე, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან. ქალაქს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ფოთისთვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. ქალაქი ზღვის დონიდან საშუალოდ 0.8-2 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე და ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან დაჭაობების პროცესს განაპირობებს, ამიტომაც გარკვეული ტერიტორიების ხელოვნურად ამაღლება ხდება. ხელოვნურადაა ამაღლებული 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. ქალაქის მწვანე საფარს ძირითადად ქალაქის ცენტრალური პარკი, მალთაყვის ტყე-პარკი, გამწვანების ზოლები, სკვერებისა და ქუჩების გამწვანებები წარმოადგენს. პალიასტომის ტბა შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის. ფოთის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გვხვდება დელფინი აფალინა, თეთრგვერდა დელფინი, ტურა, გარეული ღორი, კავკასიური თხუნელა და ა.შ.