- შემსრულებელი: შპს „დანი ქონსთრაქშენი“
პროექტის შესახებ
საქართველოს მთავრობის N2441 განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს ქალაქ ფოთში, წმინდა გიორგის N24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციას.
2019 წლის მაისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ქალაქ ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე (გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება). ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.