ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმების“ ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სიმბოლურად ნიჩბოსნების გაცურვა და ცხენოსანთა სანახაობრივი ჩვენება მოეწყო. სანიჩბოსნო სკოლის მოსწავლეებმა აზარტული შეჯიბრი, ხოლო ფოთის საცხენოსნო სკოლის ცხენოსნებმა ლამაზი სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, სამხატვრო სასწავლებლის „მომავლის მწვანე მეგობრებმა“ ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებთან ერთად მოხატეს სანაპირო ზოლი თემატური ნახატებით. ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობას დაურიგდა „მერების შეთანხმებისა“ და საყოფაცხოვრებო რჩევების შემცველი საინფორმაციო ბუკლეტები, მაისურები და ჩანთები. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად ,,მერების შეთანხმების’’ მემორანდუმის ხელმომწერი მუნიციპალიტეტია. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ, 2030 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 30%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. მდგრადი ენერგოეფექტური მიზნების მიღწევისთვის ქალაქ ფოთში მოძველებული ტექნოლოგიის და ამორტიზებული ნათურები ჩანაცვლდება ახალი, ლედ- ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 5000 სანათითა და 66 მართვის ბლოკით. გარე განათების ელექტროენერგიის საფასური, რომელიც წლიურად 700 ათას ლარს შეადგენს, შემცირდება დაახლოებით 50-60%-ით, შედეგად დაზოგილი თანხა მოხმარდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ლედ-სანათები მნიშვნელოვნად შეამცირებს CO2 -ის ემისიებს გარემოში, რაც ენერგიის დაზოგვასთან ერთად „მერების შეთანხმების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ღონისძიება ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა, რომელმაც მონაწილეებს მაისურები და ჩანთები გადასცა.