🔹 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების (LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრა გაიმართა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებს განახორციელონ მცირე მიზნობრივი პროექტები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის. მუნიციპალიტეტებისთვის აღნიშნული პროგრამის გაცნობის მიზნით UNDP-ის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას და რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ UNDP-ის კონტრაქტორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მუნიციპალიტეტებს განვითარების დოკუმენტების განახლების პროცესში დახმარება უნდა გაუწიონ ინიციატივების გამოვლენასა და განვითარებაში.