ფოთში, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება და მასში 14-29 ივლისის ჩათვლით მონაწილებას იღებს 17 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან.
იუბილეს ფარგლებში სპექტაკლები საქართველოს 13 ქალაქში იმართება.
ფესტივალი საზეიმოდ 14 ივლისს თბილისში სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა, ხოლო ქალაქი ფოთი ფესტივალის ბოლო კვირას მასპინძლობს.
24 ივლისს, ფოთელი მაყურებლებისთვის ლიეტუვას თეატრალურმა დასმა ალბერტას ვიძიუნასის რეჟისორობით სპექტაკლი „ამერიკული ოცნება“ წარმოადგინა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია და ქალაქის საზოგადოება სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფოთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით იმართება.