სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან კონსტანტინე თოფურიასთან და მამუკა პაპასკირთან ერთად ქალაქში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. გაეცვნენ საჯარო სკოლების, კოსტავას ქუჩის ტროტუარების მოკირწყლვის, თეატრის კაპიტალური რემონტისა და მდინარე კაპარჭას ამოწმენდის სამუშაოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ფოთის ხუთ საჯარო სკოლაში. №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში: სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები ხორციელდება. ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე. იგება ფილები და კეთდება ბეტონის ახალი გადასასვლელები. ფოთის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე ხორციელდება სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, შიდა ფასადის რემონტი, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟი. ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე კაპარჭაზე, რაც მდინარის აუზის დაღრმავებას და ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენას და პარალელურად ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.