27 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეთვრამეტე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი.
სხდომაზე მიღებული დადგენილებების შესაბამისად მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე კულტურისა და განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების დებულებებში დაემატა ქვეპუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების ზედამხედველობასა და საქმიანობის კოორდინაციას.
მიღებული განკარგულების შესაბამისად ქალაქის ტერიტორიაზე ფარნავაზ მეფის ქ. №1 მიმდებარედ არსებულ სკვერს მიენიჭა ქალაქ ფოთთან დაძმობილებული შვედეთის სამეფოს ქალაქ ესტამარის სახელი.
მოსმენილ იქნა ა(ა) იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ანგარიშში აღნიშნა ქალაქში არსებული 16 სკოლამდელი დაწესებულებიდან 7 ბაღი არის სრულად რეაბილიტირებული და მათგან 6 საგრანტო დაფინანსებით.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესის დადგენის შესახებ შემუშავებულია „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“, რომელიც უნდა ამოქმდდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
ხელმძღვანელის განაცხადებით სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაცია იქნება რთული პროცესი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სასწავლო კომპონენტის გათვალისწინებით, მაგრამ ამის შემდგომ ბაღები გადავა თვისობრივად სხვა სტანდარტზე და სკოლამდელი აღზრდის სერვისი იქნება არა მხოლოდ ბავშვის უბრალოდ სამეთვალყურეო ან კვების დაწესებულება, არამედ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმწოდებელი დაწესებულება, სადაც პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის შესაბამისად გადამზადებული აღმზრდელ-პედაგოგები მოზარდებისთვის შექმნიან ესთეტიურ და ჰარმონიულ გარემოს.
სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება და ორი განკარგულება.