ფოთში დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, ქალაქ ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას ბიუროს ჩართულობითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ გახსნეს. სამუშაოს მაძიებლებს 500-მდე აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 25-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმის მიზანი იყო ქალაქში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება ერთ სივრცესა და დროის მცირე მონაკვეთში. ფორუმის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცვნენ და დასაქმების მსურველებს გაესაუბრნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე. ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.