ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების ანალიზის საჯარო მოსმენა შედგა. ანალიზი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გია სოფაძემ და აზიის ბანკის გარემოს დაცვის კონსულტანტმა ლუიზა ბუბაშვილმა წარმოადგინეს. ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის, ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე, მდინარე რიონზე 495 მ. ხიდისა და 1005მ. სიგრძის მისასვლელი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფოთიდან გრიგოლეთამდე მონაკვეთში დაგეგმილია 2 ზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტი შესრულებულია ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტის და საქართველოში მომქმედი ტექნიკური რეგულაციების შესაბამისად.