6 სექტემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ფოთი გრიგოლეთის მონაკვეთის (ეტაპი 1)- მდ. რიონზე ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობის და ექსპლუტაცის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა.
საქმიანობასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას აზიის ბანკის წარმომადგენელი ქეთევან დგებუაძე და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გია სოფაძე უძღვებოდა.
განსახილველი პროექტი წარმოადგენს ფოთი გრიგოლეთის გზის საწყის მონაკვეთს და გულისხმობს მდინარე რიონზე 495მ სიგრძის და 1005 მ. სიგრძის გზის მონაკვეთის მშენებლობას. ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფოთიდან გრიგოლეთამდე მონაკვეთში დაგეგმილია ორზოლიანი გზის მშენებლობა.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალების გაუმჯობესების პროგრამას, რომელსაც საქართველოს რეგიუნილი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.
პროგრამა მიზნად ისახავს სატრანსპორტო მოძრაობის და მეზობელ ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის გაუმჯობესებას, რასაც მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი და მზარდი წვლილი შეაქვს. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ბაზრების გაფართოების შედეგად საქართველოში და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა და საქართველო იქცა სატრანზიტო ქვეყნად. თითქმის ყველა ტვირთების გადაზიდვა საავტომობილო გზებით ხდება. გზების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდერნიზაციას საჭიროებს მოძრაობის გაზრდილი ინტენსიურობისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობის უსაფრთხო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა პროექტირების და მშენებლობის მიზნებისთვის ორ ლოტად დაიყო. პირველი ლოტი გრიგოლეთი-ქობულეთის ნაწილია, მეორე ლოტი კი რომელიც ფოთი-გრიგოლეთის ნაწილს წარმოადგენს თავის მხრივ სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი პატარა ფოთიდან მდინარე რიონის მთავარი კალაპოტის მარცხენა ნაპირზე ნიკორას ქარხნის მიმდებარე უბნამდეა, ახალი ხიდის მშენებლობის ჩათვლით. მეორე ეტაპი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ახალი ხიდის მიმდებარე უბნიდან მდინარე მალთაყვამდე. მესამე ეტაპი კი მდინარე მალთაყვიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირამდე.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB). შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.