🔹საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა განახლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ფოთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ,,ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, მშობლებო გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს არის სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო პერიოდი და გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. მსურს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. სწორედ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება. გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული“-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
🔹ახალ სასწავლო წელს ფოთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა განახლებული ინფასტრუქტურით შეხვდა. სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 454 502 ლარი გამოიყო.
🔹პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა.
🔹წელს ფოთში 500-მდე პირველკლასელია,რომლებსაც პორტაბელურ კომპიუტერებთან ერთად სახელმძღვანელოების კომპლექტი, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაეცათ, რომელიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში კვლავ დაბრუნდა.