🔹 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან, ნუგზარ გაბელიასთან ერთად აქტიურად განაგრძობს. 👉 სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.