✔ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში გაიმართა. კანონპროექტი საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებთან ერთად წარუდგინა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, ადგილობრივი ხელისუფლების, მმართველი გუნდის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. კონსტიტიციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს 10 ქალაქში გამართავს.