ფოთში აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა. მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ,ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP“ – ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანიის „ROYAL HASKONING“ – ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს” პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.