ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP“ – ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანიის „ROYAL HASKONING“ – ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს” პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.
ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით იწყება.
მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.
პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება.
აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.