ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ დაიწყო.
დღეს,სსიპ კოლეჯ “ფაზის”-ში პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
პრეზენტაცია საკრებულოს წევრებმა ბექა ვაჭარაძემ და ბაქარ ერაგიამ მერის თანაშემწე ინფრასტრუქტურის საკითხებში ნინო გვასალიასთან ერთად წარადგინეს და პროექტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრეს.
თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტი მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენასა და მათ განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის www.idea.poti.gov.ge საშუალებით წარადგინონ და იდეის გამარჯვებისთვის მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა.
ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. გამარჯვებული პროექტის/პროექტების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 300 000 ლარი, გამარჯვებულ იდეებს გამოავლენს ხალხი და განახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.
იდეების მიღება დაიწყო 25 სექტემბერს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებული იდეები გამოვლინდება 14 ნოემბერს.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.