▶️საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია საკრებულოს წევრებთან ერთად ფოთის თეატრში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
▶️პრეზენტაცია მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ წარადგინა, სადაც განხილული იყო ქალაქის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტები.
▶️როგორც შეხვედრაზე აღინიშნა: მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
▶️ დაიწყო კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა. მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის ცენტრალური ნაწილის ტროტუარების რეაბილიტაცია. დაწყებულია ქუჩების არსებული გარე განათების ქსელის ლედ-სანათებით ჩანაცვლება. ასევე მიმდინარეობს თეატრის რეაბილიტაცია.
▶️დასრულდა ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის ბულვართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
▶️2019 წელს გაზიფიცირდა 5 საბავშვო ბაღი. 2020 წელს კი ფოთის ყველა საბავშვო ბაღი გაზიფიცირებული იქნება.
▶️ქალაქის ხუთ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
▶️ასევე განხორციელდება ქალაქის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. პარალელურად მიმდინარეობს საფეხბურთო სკოლისთვის ორი ბუნებრივსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანების მშენებლობა.
▶️მოხდება ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც საზღვაო სასწავლებელი განთავსდება.
▶️გაიწმინდება და აღდგება მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი, მოეწყობა ნაპირდამცავი ჯებირები. რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და წყალდიდობის პრევენციის მიზნით.
▶️ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სანიჩბოსნო ბაზაზე განთავსდება საცურაო აუზი, შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
▶️მოხდება ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ადგილები და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის.
▶️ იგეგმება ყოფილი უშიშროების შენობის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
▶️ რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის, ბერდიანსკის, ბესიკის, აკაკის და წმ. გიორგის ქუჩებს.
▶️მომავალი წლიდან ფოთს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, მოეწყობა გაჩერების ადგილები.
▶️შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდა, რომელმაც ქალაქში არსებულ პრობლემებზე იმსჯელა და მოსახლეობასთან ერთად მათი მოგვარების გზები განიხილა.
▶️შეხვედრა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მწარიმართა, რომელსაც ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, მოადგილეებთან: მამუკა პაპაკირთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად საზოგადოების სხავდასხვა ფენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.