უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევი, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ქალაქ ფოთს სტუმრობდა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ელიორ განიევი ფოთის პორტს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას სტუმრობდა. ელიორ განიევის განცახდებით, საქართველოს და უზბეკეთს ტვირთების გადაზიდვის მხრივ თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უზბეკეთი დაინტერესებულია ქართული პორტების საშუალებით ტვირთის გადაზიდვა გაზარდოს. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ტვირთების ნაკადის გაზრდა, რომელიც საქართველოზე გაივლის, ძალიან მაღალ ეკონომიკურ ეფექტს განაპირობებს. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება. 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას მისცა ბიძგი. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 პროცენტით გაიზარდა. თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.