სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, კუნძულის უბნის სანაპიროს და სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების , ვენტილაციის და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს. აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კუნძულის სანაპირო ზოლზე. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.