ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ფოთში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება. საწარმო, რომლის ღირებულება 12 მლნ ლარს შეადგენს, 2020 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს „სდტ ჯორჯია“ აშენებს.
ქარხანა შენდება ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.
ქარხანაში 100 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, რომელიც სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლის.
ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბრში დასრულდება. ქარხნის მშენებლობას კომპანია ეკოჰაუსი ახორციელებს.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ინვესტორებთან ერთად საწარმოს მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.