საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით,ფოთში საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს.
პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე ამ კატეგორიაში არიან ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, მებაჟეები , ბენზიგასამართი სადგურის,საბანკო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას. ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც.
აღნიშნული პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება. პირბადეები ფოთში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილში” შეიკერა.