გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.
პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია.
დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.
აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე – WWW.MY.GOV.GE მომსახურების ველში იძულებით გადაადგილებულმა პირმა უნდა აირჩიოს – სერვისები დევნილთა და ეკომიგრანტთათვის.
განაცხადების შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:
ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106;
ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27;
გორი – სამების ქ.N1;
რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა.