საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
➡️პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
➡️ფოთის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის შესახებ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა: “ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან ერთად საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოვინახულეთ. აქ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა მალე დასრულდება. ჩემთვის აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას და ბავშვებს დავპირდი, რომ ამ ადგილზე საფეხბურთო სკოლა აშენდებოდა. მიხარია, რომ ეს პირობა შესრულდა და ძალიან მალე ფოთში ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, რომ ფეხბურთში ჩაერთონ. ეს კი, განაპირობებს ფეხბურთის მასობრიობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის მომავალზე.”
➡️ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი”.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.