ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ქალაქისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს ქალაქ ფოთის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ფოთის მერიის სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფოთის მერი, სახელმწიფო რწმუნებულთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საზღვაო აკადემიის მშენებლობის, თეატრის, საცურაო აუზის, ცენტრალური სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელების, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალისთვის, კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. გარემონტდა დარბაზი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახები, სარდაფი, სახურავი, დამონტაჟდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები. მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 795 998 ლარია. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.