ნავსადგურის გაფართოების და ახალი ტერმინალების მშენებლობის პროექტები განიხილეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეხვედრას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები, კომპანიების „ეიპიემ ტერმინალისა“ და „ტრანსფორდის“ ხელმძღვანელი პირები, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
შპს „ტრანსფორდი“ დირექტორმა აპოლონ ბჟალავამ ტერმინალის გაფართოების გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესები.
ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა კომპანიების წარმომადგენლებს მათ საცხოვრებელ გარემოში შექმნილი პრობლემები გააცნეს, რაც მათი თქმით ტერმინალების მუშაობის ზრდით არის გამოწვეული და გამოთქვეს შიში რომ გაფართოების შემდეგ ეს მდგომარეობა უფრო გართულდება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით და კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, მოსახლეობის მიერ გამოთქმული საკითხები გულდასმით იქნება შესწავლილი. მოქალაქეებთან მომდევნო შეხვედრა ივლისის თვეში იგეგმება.
პეის ტერმინალის პროექტით, გაფართოების შემდეგ კომპანია 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის და 100 ათას TEU კონტეინერის გადამუშავებას შეძლებს.
APM ტერმინალის გაფართოების პროქტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ. დოლარია, ნაყარი ტვირთებისა და საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე, ხოლო 60 000 ტონიან ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტიან მომსახურებას. კომპანიის ინფორმაციით, ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება.