🔵მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, – ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან და ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებთან-კონსტანტინე თოფურიასთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად დაათვალიერა.
🔵საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ.
🔵ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი. უკვე მომზადებულია სასწავლო მოდულების ადაპტაციის პროექტი; პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გეგმა; ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები GIZ-თან პროფესიული მოდულების და სილაბუსების შესაქმნელად.
🔵საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით.
🔵1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.
🔵პროექტის ღირებულება 5 876 164.00 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.