ფოთმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მხატვართა (მარინისტების) საერთაშორისო არტ-პლენერს უმასპინძლა, რომელიც 16 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბერს შემაჯამებელი გამოფენით დასრულდა. გამოფენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში – დავით ფაცაცია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔸არტ-პლენერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში – დავით ფაცაციას, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
🔸საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მხატვრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა კატალოგისთვის მათი ნამუშევრები შეირჩევა ონლაინ კომუნიკაციის შედეგად. საბოლოოდ კი პლენერის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება პლენერის მონაწილე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები.