ფოთში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოები, რომელსაც ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
▶️აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობას და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია. სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.
▶️სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
▶️შენობა,სადაც მხატვართა სახლი განთავსდება ულამაზესს, მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. იგი წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებითა და მხატვრული ელემენტებით. შენობის არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია და ის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა.
▶️სამხატვრო სკოლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა. მისი ავტორიც გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.