27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ფოთის ქალაქის თავისა და აღმშენებლის, ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 177 წლისთავის აღსანიშნავად ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
✔️”ჩვენ, ფოთელებს გვეამაყება, რომ ისეთი დიდი მოაზროვნე, მეურნე და საქმისკაცი იყო ფოთის ქალაქის თავი, რომ მისი ნაღვაწი მისი შრომის კვალი წარუშლელია ჩვენს ქალაქში. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი შეუფასებელია და იგი მხოლოდ ფოთს არ უკავშირდება“-განაცხადა ფოთის მერმა. ევროკავშირის პროექტის -,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ფილმის „დროსგასწრებული მამულიშვილი“(ავტორი: თამარ თაგვაძე), პრეზენტაცია ფოთის საზოგადოების წინაშე ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შედგა. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი პუბლიცისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებისა და გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის მიერ ნიკო ნიკოლაძის – “უცნობი ნაცნობი“, ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ გამოიცა. აქვე შედგა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის ,,ფაზისიდან ფოთამდე“( რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი) პრეზენტაცია. ღონისძიების სტუმრებს მხატვარ ოთარ იმერლიშვილის მიერ, წიგნისთვის „ფაზისიდან ფოთამდე“ შექმნილი 20 მინიატურის დათვალიერების საშუალებაც მიეცა.