ფოთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას ევროკავშირის გრანტის თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ესაუბრა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეგრანტები, რომლის ჯამური ღირებულება ოთხმოცი ათასი ევროა, 23-მა ორგანიზაციამ და სამოქალაქო ჯგუფმა მოიპოვა. პროექტები მოქალაქეთათვის საჯარო სივრცეების შექმნას, სოციალური კვლევების ჩატარებას, მოქალაქეთა მხარდაჭერის გაწევას, დასაქმების ხელშეწყობას და სხვა ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. თითოეული პროექტი თვითმართველობაში დემოკრატიული ჩართულობის გაზრდას, თვითმმართველობის პოპულარიზაციას, საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„რეგიონულ თვითთმმართველობებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესში – ამ როლის სრულფასოვნად შესრულებისთვის, ჩვენი თვითმმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ინტერესების ასახვა გვჭირდება. ორგანიზაციები რომლებმაც ამ კონკურსში გაიმარჯვეს, ჩვენი მთავარი მოკავშირეები უნდა გახდნენ ამ მიზნების უფრო ეფექტურად მისაღწევად”-განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქვეგრანტის გამარჯვებული პროექტების თაობაზე დირექტორმა ,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ნინო გვასალიამ ისაუბრა.
ქვეგრანტის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტური ფილმი „დროსგასწრებული მამულიშვილი“-ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“, გამოიცა 2 წიგნი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებაზე. ფოთის ქალაქის თავის, დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებაზე, მისი ღვაწლის წარმოჩანაზე ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა. შეხვედრას საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები ესწრებოდნენ.