ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით ფოთის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქალაქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქალაქში სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამასთან, ფოთში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ინტენსიურად გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დადგენილი რეგულაციები, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია, მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან და ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს.
დღეს ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 5 ადამიანი, თვითიზოლაციაში -173.