ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას. კერძოდ, მოეწყობა ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს გაკეთდება ღია ავტოსადგომები. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე, ზღვის მხარეს მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
„სასიხარულოა, რომ უკვე მომავალ წელს დამსვენებლებს ფოთში, კუნძულის სანაპიროზე შეგვიძლია შევთავაზოთ სრულად აღდგენილი ბულვარი, დაახლოებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამ და მსგავსი პროექტებით საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესს, შექმნან ახალი სივრცეები, მოაწყონ მეტი კომერციული ობიექტი და მიიღონ მეტი შემოსავალი ტურისტებისგან. ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს და სწორედ ამიტომ განვითარებისთვის პირველი რიგის ამოცანად მივიჩნევთ“ – აღნიშნა ფოთის მერმა.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე ჩატარდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2-კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.