ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას.
🔹ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან თამარ იოსელიანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
✅„დღეს ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ფოთელებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც პირდაპირი მონაწილეობა მიიღო ამ შენობის აღდგენაში, საზეიმო დღეა. აპრილში, დაახლოებით, 7 თვის წინ ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება. ამიტომ მინდა თითოეულ ადამიანს, მშენებელს, ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავლის გარანტი. ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოთის მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე, ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება, რომ ეფექტიანად გააგრძელოს აღნიშნული მისია, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ, აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელიც შეძლებს ერთდროულად სასწავლო პროცესი გამართოს 1 000 სტუდენტისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
🔹საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას. ცენტრს აქვს მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებლის შესაძლებლობებისა და ფუნქციური დანიშნულების შესახებ კომუნიკაცია შედგა საზღვაო ინდუსტრიის ყველა სეგმენტთან, რამაც საპასუხოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს. სასწავლებლის უმსხვილესი დონორები „APM ტერმინალს ფოთი“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი BICT, „Channel Energy (Poti) Limited Georgia“ და მეთევზე-ლიცენზიანტები არიან. მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე-მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას. აღსანიშნია, რომ სიმულატორის შეძენა მეთევზე-ლიცენზიანტებმა დააფინანსეს. კომპანია “APM ტერმინალსის” მხარდაჭერით სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს ამწის მაღალკვალიფიციურ ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში. ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამინისტროები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით.
✅საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული წლის დეკემბერში ბათუმის საზღვაო აკადემიიაში სტუმრობისას აღნიშნა: „ერთ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს“. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე.