1988 წლიდან, 1 დეკემბერს მსოფლიო ყოველწლიურად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია.
საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, უაღრესად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.