✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
▶მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში ორ კილომეტრამდე იქნება. ხიდის სიგრძე კი, 432 მეტრს შეადგენს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა ესწრებოდა.
▶ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
▶პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ფოთის ხიდი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
