✅ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
✅„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა ქვეყნისთვის უპირველესი ფასეულობის – თავისუფლების დასაცავად თავდადებული გმირობის მაგალითი გვიჩვენეს. მინდა, დიდი პატივი მივაგო სწორედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა ესეების კონკურსი ,,თებერვალმა დაგვიზამთრა სამუდამოდ მაისი”. მოსწავლეთა ნამუშევრები თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო ავტორები.
▶საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.