▶ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
✔ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.
▶BPP-ის მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეარჩია. ფოთის მუნიციპალიტეტს გამარჯვება განხორციელებულმა პროექტმა “ ახალგაზრდების იდეა ფოთს’’ მოუტანა.
▶კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინიაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე – სასტუმროებში – „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.
▶ღონისძიება სლოგანით – „კარგი მაგალითი გადამდებია“, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა – ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტების აქტიურობას გაუსვა ხაზი.
▶ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა მიმართეს. კონფერენციას ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა დაესწრო.
▶ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კატალინ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი – დანიელ მევლი.
▶(BPP) საუკეთესო პრაქტიკის კონკურსებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს 38 მუნიციპალიტეტიდან 96 პროექტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად – 24 დასახელდა.
▶პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, ასევე საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.