⏹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა ვეტერან ფეხბურთელს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ფეხბურთის სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელს ზურაბ თოფურიას და ვეტერან მოკრივეს, კრივის სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელს დავით დავთიანს შეხვდა და 60 წლის იუბილე მიულოცა.
✅ზურაბ თოფურია 1978 წელს ჩაირიცხა ფოთის ,,კოლხეთში’’ და იმავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერ თასის გამარჯვებული. ის არის პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის მონაწილე, რომელიც გაიმართა 1990 წლის 30 მარტს, სადაც ,,კოლხეთი -1913’’ დაუპირისპირდა თბილისის ,,იბერია’’-ს. მატჩი დასრულდა ფოთელთა გამარჯვებით 0:1. ზურაბ თოფურია 1992 – 1994 წლებში ,,კოლხეთი 1913’’-ის მეორე მწვრთნელი გახლდათ. წლების განმავლობაში იყო U-19 ,,კოლხეთი-2’’-ის მთავარი მწვრთნელი. ბათუმის ,,დინამო’’-ს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს სპორტში შეტანილი წვლილისათვის მას მიენიჭა სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. ამჟამად მუშაობს ბავშვთა ფეხბურთის სასპორტო სკოლაში მწვრთნელ-მასწავლებლად.
✅დავით დავთიან გახლავთ საქართველოს ჩემპიონატებში მრავალგზის გამარჯვებული მოსწავლე. იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დიდებში და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და ჩემპიონი. დავით დავთიანმა მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1985 წელს ბავშვთა სპორტულ სკოლაში. მას გაზრდილი ჰყავს საქართველოს ჩემპიონები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების პრიზიორები და ფინალისტები. ამჟამად არის მწვრთნელი კრივის სკოლაში. ის გახლავთ რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი.
⏹ დამსახურებულ მწვრთნელებს, ფეხბურთისა და კრივის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სახელოვანი სპორტსმენების აღზრდისათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სიგელები გადაეცათ.