🏀ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სპორტის ოსტატის, საკალათბურთო კლუბ ,,დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდა. დაფის განთავსების ცერემონიალს ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან და კალათბურთელის ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის “თამაშზე მეტი” ჩვენება, რომელიც როლანდ გარუჩავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
➡️როლანდ გარუჩავა 1976 წლიდან თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. როლანდ გარუჩავა სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე გახლდათ. საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო წლებში ყოველთვის თამაშობდნენ მისი აღზრდილები. ის გახლდათ საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. როლან გარუჩავა წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა და სათავეში ედგა ფოთის კალათბურთის გუნდ ,,ირაო’’-ს ასაკობრივი კალათბურთელების აღზრდისა და დაოსტატების საქმეს. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი აღზრდილი კალათბურთელები ირიცხებიან კალათბურთის აკადემიებში, საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში.
➡️ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.