ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, სასწავლებლის ხალხურ საკრავთა განყოფილების მოსწავლეებმა და პედაგოგმა გია გურგენაძემ შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება გამართეს.
რეპერტუარში იყო ქართული ხალხური მუსიკის რიტმები და მელოდიები, ფრაგმენტები საგალობლებიდან, კლასიკური მუსიკიდან, ნაწყვეტები ქართული ოპერიდან, ასევე ნიმუშები უცხოური ფოლკლორული ნაწარმოებებიდან. ფოთელი ნორჩი ფოლკლორისტების მიერ შესრულებულმა თითოეულმა ნომერმა-სალამურზე, ფანდურზე, დოლზე, ჭიბონზე, მოწვეულ სტუმართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტს ქალაქის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაუღალავი შემოქმედებითი შრომის ნაყოფი პანდემიის პირობებში -ასე შეიძლება ეწოდოს ამ საანგარიშო კონცერტს – განაცხადა კონცერტის დასასრულს ალექსანდრე ტყებუჩავამ. მერის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა სახელოვნებო სასწავლებლის დირექტორს, შუშანა (ლია) ეჯიბიას, პედაგოგ გია გურგენაძეს, მოსწავლეებსა და მშობლებს მონდომებისა და გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,პირიმზე”არაერთი წელია წარმატებებს აღწევს საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალებზე, არის მრავალგზის ლაურეატი და ,,გრან-პრის” მფლობელი.