📌ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
▶ფოთის საზღვაო ნავსადგური 1858 წელს აშენდა. იგი ყველაზე დიდი პორტია, რომელიც საზღვაო ტვირთების 85%-ს გადაამუშავებს. 2011 წლიდან მის ოპერირებას კომპანია APM Terminals Poti ახორციელებს, რომელიც ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას იწყებს. ნავსადგურის პროექტი საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო პროცესის ზემოქმედება გარემოზე შპს „ეკო სპექტრმა“ შეისწავლა.
▶კომპანიის წარმომადგენლებმა საჯარო განხილვაზე მავნე ნივთიერებათა ემისიისა და ხმაურის გაანგარიშება წარმოადგინეს და მისასვლელი ქუჩების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს.
▶ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, კომპანია APM Terminals Poti-ის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ნაბადის უბნის მოსახლეობა დაესწრო.
კომპანია APM Terminals Poti პირველ ფაზაში 375 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის, ხოლო მეორე ფაზაში დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებით, ნავსადგური ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის მასშტაბურ ღონისძიებებს გაატარებს. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, მოიცავს ორ – მშენებლობისა და განვითარების ეტაპს. პირველი საფეხური გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] – 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას.
მეორე საფეხურით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში. პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2022 წელს.