ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო , მის ტურისტულ პოტენციალზე და ახალი პორტის მშენებლობაზე ისაუბრა.
ქალაქის მერის განცხადებით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფოთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას.
ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას (GGP) ახორციელებს, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში.
საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ დააფინანსა თითქმის 200 პროექტი GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.
ფოთის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა და მერის თანაშემწე ნინო გვასალია ესწრებოდა.