ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო – დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.
პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, ფოთის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ტყებუჩავასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან , სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რასაც ფოთის მუნიციპალიტეტი აკეთებს. ყველა თაობის ადამიანს შეუძლია ამ პარკში თავისი სივრცე იპოვოს და ისიამოვნოს. ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში დაგეგმილი გვაქვს მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც შადრევნისა და ავტოდრომის მოწყობას ითვალისწინებს“ – განაცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ.
ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.