📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022-25 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებაზე იმსჯელეს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ხელმძღვანელობს 2022-25 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე იმსჯელა. ქალაქის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს იგი, საკუთარი შემოსულობებით 23 მილიონი ლარით განისაზღვრება. მომავალი წლიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის ახალ პროგრამებს აამოქმედებს. ცენტრალური ბიუჯეტისა და სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების პარალელურად, სამუშაო ჯგუფმა ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელა, როგორიცაა სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, ნაბადის უბანში კულტურის სახლის, სახელოვნებო სასწავლებლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სარემონტო სამუშაოები. სანიაღვრე არხების გაყვანა და ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ძლიერი წვიმების დროს ქალაქის რიგ უბნებს დატბორვისგან დაიცავს. იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე, ცენტრალურ პარკში შემდგომი ეტაპის ღონისძიებების გატარებაზე.
შეხვედრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ შეაჯამა, რომელმაც კონკრეტული მოსაზრება გააცნო სამუშაო ჯგუფს მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების, ჩასატარებელი ახალგაზრდულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებების და განსახორციელებელი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ. გოჩა კურდღელიამ მალთაყვის ტყე-პარკზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით აუცილებელია პარკში სარეკონსტრუქციო ღონისძიებები დაიგეგმოს, რისთვისაც გარკვეული თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული.