ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავების, ადგილობრივი თვითმმართველობების კარგი პრაქტიკის ხელშეწყობის და სხვადასხვა თვითმმართველობის წარმატებული მაგალითები.
პროექტის დირექტორმა, ნინო გვასალიამ შეკრებილ აუდიტორიას, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და ფოთისა და აბაშის მიღწევებზე გააცნო ინფორმაცია. კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული წარმატებული პრაქტიკებისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს მოწვეულმა სპიკერებმა, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის დამფუძნებელმა ლევან მჟავანაძემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ამირან გიგინეიშვილმა.
ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ირმა გუგუშვილმა ისაუბრა პროექტის „მწვანე ტურიზმი“, როგორც წარმატებული ინტერმუნიციპალური პრაქტიკის შესახებ. კონფერენციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, ქალაქ ფოთის საკრებულოს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში ჰიბრიდული ფორმატში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ 3 წლიანი პროექტის განმავლობაში სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთში 80 000 ევროს ოდენობით 23 საგრანტო პროექტი დაფინანსდა, ხოლო აბაშაში – 20 000 ევროს საგრანტო ფონდით 6 პროექტი განხორციელდა. ამასთან, მოსახლეობის ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ჩართულობის ელექტრონული მექანიზმებისა და მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა გადამზადების შედეგად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით 70%-იანი შედეგით 64 მუნიციპალიტეტს შორის I ადგილი მოიპოვა, გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ჯილდოთი „საუკეთესო პრაქტიკა 2021“.