პროგრამა „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის“.
პროგრამის მიზანი – სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ სტუდენტებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის ხარისხის მეტად ამაღლებას. სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა ქვეპროგრამა „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“.
პროგრამის ბიუჯეტი – 30 000 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ქვეპროგრამის მართვა: ღონისძიების ფარგლებში სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი) აქვს არანაკლებ 81–90 ან 91 – 100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან B კატეგორია – კარგი), აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
„ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო)“ თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე, დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა თითოეულ სემესტრში 500 ლარს შეადგენს. კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკუსანტს, რომელსაც დამატებით წაროდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი იქნას არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტამდე, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2022 წლის 1 სექტემბრამდე. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), სემესტრის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით. გადაწყვეტილების მიღების წესი: კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ფულადი ჯილდო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.