დღეს, ქალაქ ფოთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერი რობერტო როთი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო.
ვიზიტის ფარგლებში, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმრებთან ერთად, N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მხარეებმა განიხილეს, უკვე დაფინანსებული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საბავშვო ბაღში,რომლის მშენებლობაც სულ ახლახანს დასრულდა, 112 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღი სრულად არის უზრუნველყოფილი საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირით და ცენტრალური გათბობით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.