სამშენებლო კომპანია ,,პრაიმ ბეტონი” და სატრანსპორტო კოპმანია ,,ტრანსფორდი” USAID-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ USAID/საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს კერძო და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ პროექტებს და გამოთქვამს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობას.
USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დაფინანსებით, შპს ტრანსფორდი, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელებს ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას მძღოლ ოპერატორებისა და დოკერებისათვის.
„პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის’’. პროექტის მართვას უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტთა დიდი ჯგუფი და პროექტში ჩართული იქნება 400-ზე მეტი ადგილობრივი კონტრაქტორი შემდგომი სამი წლის განმავლობაში. საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება კავშირები სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშახელის მიწოდებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.